ქალაქი ბურსა დაარსდა ჩვ.წ.აღ-მდე 202 წელს. 395 წლიდან 1326 წლამდე ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ხოლო ბიზანტიის დაცემის შემდეგ - ოსმანთა იმპერიის დედაქალაქი. აქ ბევრი ისტორიული შენობაა, რომლებშიც მუზეუმებია გახსნილი.
მრავლადაა მეჩეთებიც. ბურსას "მწვანე ბურსასაც" ეძახიან, რადგან მიუხედავად სიცხისა (ტემპერატურა ზაფხულში +40 გრადუსამდე ადის და 5 თვე წვიმა არ მოდის), ქალაქის ნარგავებს დღეში სამჯერ რწყავენ და ირგვლივ ყველაფერი მწვანედ ხასხასებს.
ჭადარი ბურსას სიმბოლოა და თბილისის მსგავსად აქაც სულ ჭარდების ხეივნებია. სულთან მურადიის ისტორიულ კომპლექსში 700 წლის ჭადრის მორია შემონახული.
დავათვალიერეთ სულთანების მუზეუმები, მეჩეთები, ქალაქის მუზეუმი და საღამოსკენ ქალაქის კულტურის პარკში შევედით. ეს ძალიან დიდი და ლამაზი პარკია შადრევნებით, აუზებით, სადაც ნავით სეირნობაა შესაძლებელი, ბავშვები დაქირავებული ველოსიპედებით სეირნობენ, სკვერებში ნაირნაირი ტრენაჟორებია, რომლებზეც სიამოვნებით ვარჯიშობს დიდი თუ პატარა. საღამოობით პარკში ოჯახებით მოდიან და მოლზე გაშლილ ჭილოფებზე ისვენებენ და ვახშმობენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий