25 აგვისტო - City Tour

დილიდან გავედით ქალაქის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
ქალაქი ბურსა დაარსდა ჩვ.წ.აღ-მდე 202 წელს. 395 წლიდან 1326 წლამდე ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ხოლო ბიზანტიის დაცემის შემდეგ - ოსმანთა იმპერიის დედაქალაქი. აქ ბევრი ისტორიული შენობაა, რომლებშიც მუზეუმებია გახსნილი.
მრავლადაა მეჩეთებიც. ბურსას "მწვანე ბურსასაც" ეძახიან, რადგან მიუხედავად სიცხისა (ტემპერატურა ზაფხულში +40 გრადუსამდე ადის და 5 თვე წვიმა არ მოდის), ქალაქის ნარგავებს დღეში სამჯერ რწყავენ და ირგვლივ ყველაფერი მწვანედ ხასხასებს.
ჭადარი ბურსას სიმბოლოა და თბილისის მსგავსად აქაც სულ ჭარდების ხეივნებია. სულთან მურადიის ისტორიულ კომპლექსში 700 წლის ჭადრის მორია შემონახული.
დავათვალიერეთ სულთანების მუზეუმები, მეჩეთები, ქალაქის მუზეუმი და საღამოსკენ ქალაქის კულტურის პარკში შევედით. ეს ძალიან დიდი და ლამაზი პარკია შადრევნებით, აუზებით, სადაც ნავით სეირნობაა შესაძლებელი, ბავშვები დაქირავებული ველოსიპედებით სეირნობენ, სკვერებში ნაირნაირი ტრენაჟორებია, რომლებზეც სიამოვნებით ვარჯიშობს დიდი თუ პატარა. საღამოობით პარკში ოჯახებით მოდიან და მოლზე გაშლილ ჭილოფებზე ისვენებენ და ვახშმობენ.
და რაც მთავარია, ნაგავს არავინ ყრის ძირს და ბალახის მოლიც ისეთი კარგი გაკრეჭილია, ფეხშიშველა სიარულს არაფერი სჯობს.

სკოლების პრეზენტაცია, COSMOS და მუდანია

სამიტის ოფიციალურად გახსნის შემდეგ მონაწილეები დავბრუნდით ტუნსიპერის სკოლაში, გავნაწილდით საკლასო ოთახებში და წარმოვადგინეთ მომზადებული პრეზენტაციები ბუნებრივი კატასტროფების შესახებ, რის შემდეგაც სკოლის ფოიეში გამოვფინეთ უსაფრთხოების რუკები და პლაკატები.
ტუნსიპერის სკოლების საკონფერენციო დარბაზში პროფესორმა იასუჰიკო კიტამურამ გაგვაცნო პროგრამა COSMOS, რომლის მიზანია ინტერნეტის საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოსწავლეთა მიერ შედგენილი უსაფრთხოების რუკების გავრცელება და მსოფლიო უსაფრთხოების რუკის შედგენა. მოეწყო COSMOS-ოს საიტის პრეზენტაციაც.
შემდეგ სცენაზე ავიდნენ იაპონიის მაშველთა ორგანიზაციის ახალგაზრდა წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბუნებრივი კატასტრფების შემდეგ მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში. მათი ჩამოსვლის მიზანი იყო, სამიტის მონაწილეებისთვის ესწავლებინათ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ბუნებრივი კატასტროფების დროს და რა პირველადი დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ.
დატვირთული დღის შემდეგ წაგვიყვანეს ზღვისპირა ქალაქ მუდანიაში, სადაც მარმარილოს ზღვის სანაპიროზე ღია ცის ქვეშ მშვენიერი პალმებით გარშემორტყმულ რესტორანში სამიტის მონაწილეთა საპატივცემულოდ გაშლილი ვახშამი გველოდა. აქვე იყვნენ ქალაქის ხელმძღვანელებიც, რომლებთანაც სამახსოვრო სურათები გადავუღეთ. ახალგაზრდებმა გული იჯერეს პლაჟზე სეირნობითაც.

24 აგვისტო - სამიტის ოფიციალური გახსნა

სამიტის ოფიციალურად გახსნის ცერემონიალი გაიმართა ბურსას ტაიარის კულტურის ცენტრში. ცერემონიას უძღვებოდნენ სამიტის მეორე მასპინძელი - ტუნსიპერის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები მერვე ოზდემირი და უმიტ კუსლუ. სიტყვით გამოვიდნენ IEARN-Japan კოორდინატორი და NDYS-ის აღმასრულებელი დირექტორი იოში ნაია, CoSMOS -გლობალური თანამშრომლობის წარმომადგენელი, პროფესორი იასუჰიკო კიტამურა, სამაშველო ორგანიზაცია AKUT-ის დამფუძნებელი და დირექტორი ნასუჰ მაჰრუკი, NDYS თურქეთის ორგანიზატორი ნიმეტ ათაბეკი, ტუნსიპერის სკოლის დამფუძნებელი ნეზიჰ ტუნსიპერი, ნიუფერის მხარის ნაციონალური განათლების დირექტორი მეჰმედ კაია, ულუდაგის უნივერსიტეტის რექტორი მეტე კენგიზი და განათლების მისიტრი ატილა გიურსარი.
შემდეგ სცენა დაეთმო დელეგაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს.
NDYS-2011 გაიმართება ტაივანში და ამასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა IEARN-ტაივანის წარმომადგენელმა სინდია ჰუნგ კაი ტუმ, რომელმაც ყველა მიგვიწვია ტაივანში. შესრულდა სამიტის სიმღერა "This world is ours".
მცირე შესვენების შემდეგ სცენაზე გამოვიდნენ დელეგაციების წარმომადგენლები თავიანთი Teddy Bear-ით და დეკლარაციებით, რომლებიც საკუთარ ენაზე წაიკითხეს. შემდეგ ერთმანეთში გაცვალეს დათუნიები.
გახსნის ცერემონიალის ბოლოს ყველანი ავიდნენ სცენაზე და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

23 აგვისტო - ბურსა

ბურსაში საღამოს 8 საათისთვის ჩავედით. დელეგაციებს საცხოვრებლით უზრუნველყოფდა ულუდაგის უნივერსიტეტი, რომელიც ქალაქის გარეუბანში იყო, მთის ძირას. ბარგი დავტოვეთ და გავეშურეთ სტუმრების დასახვედრად ოსმანგაზის მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ ვახშამზე მერინოსის რესტორანში ღია ცის ქვეშ, ბურსას ცენტრში. სამიტის მასპინძლებსა და 12-ვე დელეგაციის ლიდერებს აქ მოეყარათ თავი.ქართულიმა დელეგაციამაც წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა.
ვახშამის შემდეგ დავბრუნდით ულუდაგის უნივერსიტეტში, რომლის ამფითეატრში მოეწყო კონცერტი. ყველა დელეგაციამ წარმოადგინა სიმღერა და ცეკვა. აქვე შესრულდა სპეციალურად სამიტისთვის დაწერილი სიმღერა. ბოლოს ყველანი ავიდნენ სცენაზე და ჩაერთვნენ თურქულ "ფერხულში".

სტამბული-ბურსა

სტამბულში 23 აგვისტოს შუადღეს ჩავედით.
ქართველებს დაგვახვედრეს ავტობუსი, რომლითაც გავემგზავრეთ ქალაქ ბურსაში, რომელიც მცირე აზიის ნახევკუნძულზე მდებარეობს, მარმარილოს ზღვის რეგიონში. ამ დღეს ორჯერ გადავკვეთეთ ბოსფორის სრუტე ჯერ ბოსფორის და შემდეგ სულთან აჰმედის ხიდით.
სტამბულიდან ბურსამდე მგზავრობას 3 საათზე მეტი დასჭირდა. გზაზე, ქალაქ კოჩაელში ჩვენს ავტობუსში ამოვიდნენ ტაივანისა და თურქეთის დელეგაციებიც. ტაივანელები 3 დღით ადრე ჩამოვიდნენ თურქეთში და თურქ მასპინძლებთან გაჩერდნენ, რომლებთან გამომშვიდობებისას "ცრემლიც ღვარეს" :).

მგზავრობა

ქართული დელეგაცია თბილისიდან 22 აგვისტოს გაემგზავრა. სკოლა "მილენიუმის" გარდა ქართულ დელეგაციაში იყვნენ ორგანიზაცია "სიქას" წარმომადგენლები, თბილისის №161 სკოლის მოსწავლეები და IEARN-ის კოორდინატორი საქართველოში პავლე თვალიაშვილი.
სარფის საბაჟოზე თითქმის ერთი საათი ველოდით ავტობუსის განბაჟებას, რადგან ტრანსპორტის ძალიან გრძელი რიგი იყო. თუმცა ბავშვებს არ მოუწყენიათ, რადგან პავლემ ყველა ჩართო სახალისო თამაშში.

სამიტისთვის მომზადებული მასალები

სამიტის დეკლარაცია ქართულ ენაზე
ჩვენი სკოლის "Teddy bear"

მზადების პროცესში

სკოლა "მილენიუმის" მოსწავლეები - დათო კალმახელიძე, მარიამ თვალიაშვილი, მარიამ ყოლბაია და იუკო ჩუბინიძე აქტიურად ემზადებოდნენ სამიტისთვის.
ეს ჩვენი სკოლის უსაფრთხოების რუკაა.

პროექტები

1. გლობალური ბუნებრივი კატასტროფების უსაფრთხოების რუკის შედგენა

მოსწავლეებმა უნდა გამოიკვლიონ სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შეადგინონ რუკა, სადაც აღნიშნული იქნება ბუნებრივი კატასტროფების დროს უსაფრთხო და საშიში ადგილები. მზა რუკას უნდა გადაუღონ სურათი და iEARN-ის ფორუმზე განათავსონ. დისკუსია გაიმართება ან iEARN-ის ფორუმზე ანდა ვიდეოკონფერენციების დროს. სამიტის ყველა მონაწილის მიერ გაგზავნილი უსაფრთხოების რუკებიდან შეიქმნება მსოფლიო უსაფრთხოების რუკა. http://ndys.jearn.jp/gsmap/NDYS2009.htm
თანამშრომლობისთვის უკვე შექმნილია ინტერაქტიული ინსტრუმენტი CoSMOS (Collaborative Safety Maps on Open System). CoSMOS-ის საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ მოიძიონ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების რუკა 5 ენაზე - იაპონურ, ინგლისურ, თურქულ, ფრანგულ და ჩინურ ენებზე. შექმნილია საიტიც: http://www.kitamura-lab.jp/cosmos/
მათ, ვისაც სურს CoSMOS-ის რუკაზე კომენტარის დატოვება, უნდა ჰქონდეთ საკუთარი ID და PW. ამისათვის უნდა დაუკავშირდნენ "Yoshie Naya" yoshie.naya@gmail.com.

2. NDYS Little Ambassadors' program პატარა ელჩების პროგრამა
NDYS Teddy Bears (NDYS Little Ambassadors) - ესაა NDYS-ის დამხმარე პროგრამა, როგორც პარტნიორ სკოლებს შორის მეგობრობის გამყარების საშუალება. ბავშვების უსაფრთხოების ჩანთაში (ავარიული ჩანთა) შესაძლებელია მოთავსდეს სკოლების შესახებ ინფორმაცია და ის აუცილებელი საგნები, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფის საფრთხის შემთხვევაშია საჭირო სიცოცხლის გადასარჩენად.

3. კატასტროფების შემცირების და კლიმატური ცვლილებების პოსტერი და პრეზენტაცია ან ვიდეოკლიპი.
უნდა მომზადდეს პოსტერი ან პრეზენტაცია, რომელიც ასახავს საცხოვრებელ გარემოზე გლობალური დათბობის ზეგავლენას. ასევე მითითებული უნდა იყოს, თავდაცვისთვის რა უნდა გაკეთდეს.
  • პოსტერის ზომები: 80სმ *120სმ
  • სათაური 10 სმ
  • მარჯვნივ - გუნდის ფოტო, სკოლის სახელი, სლოგანის ფოტო შუაში და დროშა მარცხენა მხარეს.

პოსტერის დეტალები:

  • სად მდებარეობს თქვენი ქვეყანა? ჩვენება მსოფლიო რუკაზე;
  • როგორია ბუნებრივი კატასტროფების მაჩვენებელი? გრაფიკა, რუკები, ფოტოები;
  • გლობალური დათბობის რომელი ნიშნებია შესამჩნევი თქვენს ქვეყანაში წლიდან წლამდე? გრაფიკა, რუკები, ფოტოები;
  • გლობალური დათბობის შედეგების შესახებ რას შეისწავლიან და რომელ პროექტებს ახორციელებენ თქვენს სკოლაში? გრაფიკა, რუკა და ფოტოები;
  • დაწერეთ პოემა ან სიმღერა გლობალური დათბობაზე.

სამიტის შემდეგ მოსწავლეები უფრო ინფორმირებულნი იქნებიან ბუნებრივი კატასტროფების გამომწვევი მიზეზების შესახებდა თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გარშემომყოფთ გააფრთხილებენ მომავალი რისკის შესახებ. მათი სკოლა გახდება კატასტროფების მართვის საზოგადოებრივი ცენტრი.

ბურსა, თურქეთი

ქ.ბურსა მდებარეობს თურქეთის ჩრდილო–დასავლეთ მხარეს, მარმარილოს ზღვის სამხრეთ–აღმოსავლეთით, ულუდაგის მთის ძირას, და სიდიდით თურქეთის მეოთხე ქალაქია 2 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით. მას დიდი კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნია.
ბურსა ოტომანების იმპერიის პირველი დედაქალაქი იყო. მას "მწვანე ბურსასაც" უწოდებენ, რადგან ქალაქი ჩაფლულია ყვავილნარებსა და ბაღებში. ის განთქმულია ხეხილის მრავალფეროვნებითაც, განსაკუთრებით ატმის ჯიშებით. აქ მრავლადაა თერმული წყლებიც. ბურსა განთქმულია აბრეშუმის წარმოებითაც.
ბურსადან 36 კმ–ში მდებარეობს ულუდაგის მთა განთქმული ზამთრის კურორტებით, სადაც დეკემბრიდან მაისის ჩათვლით შესაძლებელია სათხილამური სპორტით დაკავება. აქვეა ულუდაგის ნაციონალური პარკი, რომლის დათვალიერება წელიწადის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ბურსადან 29 კმ–ში კი საზღვაო კურორტებია ქვიშის პლაჟებით.

სამიტის ისტორია

სამიტის ისტორია იწყება 2005 წლიდან, როცა იაპონიაში მძლავრი მიწისძვრა მოხდა. მაშინ იაპონელმა ახალგაზრდობამ სათავე დაუდო ამ სამიტს. შემდეგში, 2007 წელს სამიტი ჩატარდა იაპონიაში, 2008 წელს – ტრინიდადში, 2009 წელს – ტაივანში.